რატომ "სჭირდები" ნარცისს?

შენ ხარ მისი კავშირი რეალობასთან, მისი დამცავი მექანიზმი სიგიჟისგან, მისი გამართლება საკუთარი შინაგანი სცენარისთვის.

ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

1/8/20251 min read

ხშირად გვიჩნდება კითხვა - რატომ არ გვტოვებს ნარცისი მაშინ, როცა უკვე აღარ წარმოვადგენთ მისთვის ღირებულებას? რატომ აგრძელებს ჩვენთან ურთიერთობას? რატომ სჭირდება ჩვენი ფიზიკური არსებობა მის ცხოვრებაში?

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სარკეებით სავსე ოთახში, სარკეები მის გონებაშია და ყველა სარკეში საკუთარი თავის, სხვადასხვა ანარეკლს ხედავს. ეს არის ნარცისის შინაგანი სამყარო. მოდით, გავიგოთ რატომ სჭირდება მას რეალური ადამიანები ამ სარკეების გასაცოცხლებლად.

პირველი მიზეზი: სიგიჟის შიში და რეალობის ტესტი

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ესაუბრებით ვიღაცას თქვენს წარმოსახვაში. თქვენ იცით, რომ ეს წარმოსახვაა. მაგრამ ნარცისმა არ იცის. მისთვის შინაგანი დიალოგი და გარე რეალობა ერთმანეთშია არეული. როგორ უნდა დარწმუნდეს, რომ ის არ არის შეშლილი?

სწორედ აქ შემოდიხარ შენ სცენაზე. როდესაც ნარცისი გელაპარაკება, გეხება, გხედავს - ეს არის მისთვის დადასტურება, რომ - "ხედავთ? ეს ადამიანი რეალურია! მე არ ვარ შეშლილი!" შენი ფიზიკური არსებობა არის მისთვის როგორც ღუზა რეალობასთან.

მაგალითად: როდესაც ნარცისი გიგზავნის მესიჯებს, გირეკავს, გეკითხება "როგორ ხარ?", ის სინამდვილეში ელაპარაკება შენს სახეს თავის გონებაში. მაგრამ შენი პასუხი არის დადასტურება, რომ ეს "ნორმალური" დიალოგია.

რატომ სჭირდები ნარცისს
რატომ სჭირდები ნარცისს

მეორე მიზეზი: სეპარაციული შფოთვა და ობიექტის მუდმივობა

წარმიდგინეთ 2 წლის ბავშვი, რომელსაც ჯერ არ ესმის, რომ დედა არსებობს მაშინაც კი, როცა ის ვერ ხედავს მას. როცა დედა გადის ოთახიდან, ბავშვს ჰგონია, რომ დედა სამუდამოდ გაქრა. სწორედ ასეა ნარცისიც - ის ემოციურად ჩარჩენილია ამ ასაკში.

როდესაც შენ არ ხარ მის გვერდით ფიზიკურად, ნარცისს არ შეუძლია შეინარჩუნოს შენი სტაბილური სახე თავის გონებაში. ეს იწვევს პანიკურ შიშს და მიტოვების შფოთვას. აი, რატომ გაიძულებს იყო მუდმივ კონტაქტზე - ზარებით, მესიჯებით, შეხვედრებით. ეს არ არის სიყვარული ან ზრუნვა - ეს არის ბავშვობისდროინდელი მიტოვების ტრავმა.

მაგალითი: როდესაც შენ არ პასუხობ მის ზარს ან მესიჯს, ის განიცდის იმავე პანიკას, რასაც პატარა ბავშვი, როცა დედას ვერ ხედავს. ამიტომაც შეიძლება დაგიწყოს "დაბომბვა" მესიჯებით ან ზარებით.

რისთვის სჭირდები ნარცისს
რისთვის სჭირდები ნარცისს

მესამე მიზეზი: შინაგანი ნარატივის გამართლება

წარმოიდგინეთ რეჟისორი, რომელიც იღებს ფილმს თავის გონებაში. ამ ფილმში შენ ხარ ხან დადებითი, მოსიყვარულე მზრუნველი გმირი, ხანაც - უარყოფითი (ბოროტი, მოღალატე და ორპირი). მაგრამ, რეალობაში როგორ უნდა “გაამართლოს” ნარცისმა, ადამიანის ასეთი მკვეთრი ცვლილებები? მას სჭირდება "მტკიცებულებები".

ნარცისს აქვს შინაგანი იძულება - ჯერ გააიდეალოს ადამიანი, შემდეგ გააუფასუროს და ბოლოს სანაგვეზე მოისროლოს. ეს არის მისი ფსიქიკის მუშაობის პრინციპი და ეს სამი ფაზა ყველასთვის გარდაუვალია. მაგრამ როგორ უნდა გაამართლოს საკუთარ თავთან, რომ ადამიანი, რომელიც გუშინ იყო "სრულყოფილი", დღეს არის "მონსტრი"?

სწორედ აქ სჭირდები შენ - როგორც "მტკიცებულებების" წყარო. ყველა შენი უთანხმოება, კრიტიკა, განსხვავებული აზრი - ეს ყველაფერი გროვდება მის გონებაში როგორც "მტკიცებულება", რომ შენ "მონსტრი" ხარ. ეს ეხმარება მას გაამართლოს შინაგანი ცვლილება შენს მიმართ და თავი ნაკლებად დამნაშავედ იგრძნოს.

მაგალითი: თუ შენ ოდესმე გაბედე და არ დაეთანხმე, ან გააკრიტიკე, ან უბრალოდ განსხვავებული აზრი გამოთქვი - ეს შეინახება მის გონებაში როგორც "მტკიცებულება", რომ შენ "ღალატობ" მას ან "ებრძვი" მას, ეს კი საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ შენზე შურისძიება დაიწყოს. (ნარცისის კოდექსი)

რეალობაში კი...

ნარცისი არის როგორც მსახიობი, რომელმაც დაკარგა საზღვარი თეატრსა და რეალურ ცხოვრებას შორის. ის ცხოვრობს თავის გონებაში შექმნილ სცენარში, სადაც შენ მხოლოდ რეკვიზიტი ხარ - საყრდენი მისი ფანტაზიებისთვის.

როცა ის გეხება, გელაპარაკება, გაქებს ან გლანძღავს - თითქოს შენსგან შექმნილ ვირტუალურ ჰოლოგრამასთან ურთიერთობს მისივე გონებაში. შენი რეალური არსებობა კი სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ეს თეატრი "რეალურად" აღიქვას.

აი, რატომ არ გტოვებს ნარცისი - შენ ხარ მისი კავშირი რეალობასთან, მისი დამცავი მექანიზმი სიგიჟისგან, მისი გამართლება საკუთარი შინაგანი სცენარისთვის. მაგრამ სამწუხაროდ, ეს არასდროს არის რეალური ურთიერთობა - ეს არის მხოლოდ მონოლოგი სარკესთან, სადაც შენ ხარ ერთ-ერთი სარკე.

როგორ ვმართოთ ნარცისი?
რა არის ემპათია?
ნარცისი ქმარი
კოგნიტური დისონანსი
ინცესტი
ნარცისი ვერ აღიარებს სხვებს

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge